შეცვლის თუ არა მ-რნმ ვაქცინა ჩემს დნმ-ს?

კოვიდ-19-ის ზოგიერთი ვაქცინა მ-რნმ-ს იყენებს იმუნური პასუხის აღძვრისთვის. თუმცა, ზუსტად რა არის ეს გენეტიკური მასალა და როგორ შედის ინტერაქციაში ჩვენი უჯრედების დნმ-თან?

15 დეკემბერი, 2020

მესენჯერული რნმ (მ-რნმ) ყველა ცოცხალ უჯრედშია. გენეტიკური კოდის ეს ძაფები ერთგვარი ქიმიური შუამავლები არიან ჩვენი ქრომოსომების დნმ-ს და ცილების იმ მანქანას შორის, რომელიც ცილების წარმოსაქმნელად და ფუნქციონირებისთვის გვჭირდება: მ-რნმ ამ მანქანას ინსტრუქციას აწვდის, რაც ცილის ასაწყობადაა საჭირო.

მ-რნმ არაა იგივე, რაც – დნმ და ის ვერ მიუერთდება ჩვენს დნმ-ს გენეტიკური კოდის შეცვლის მიზნით. 

მ-რნმ არაა იგივე, რაც – დნმ და ის ვერ მიუერთდება ჩვენს დნმ-ს გენეტიკური კოდის შეცვლის მიზნით. ის, ასევე, საკმაოდ მყიფეა და დეგრადაციამდე უჯრედში მიახლოებით 72 საათს გაატარებს.

ვირუსული გზავნილები

ჩვენი უჯრედების “მწარმოებლური” შესაძლებლობა ადამიანის ცილებს ცდება. როცა ვირუსით ვართ დაავადებული, მათ შორის – ისეთი ჩვეულებრივი ვირუსებით, როგორებიც გაციებას იწვევენ – ისინი თავიანთ გენეტიკურ მასალას ჩვენს უჯრედებში შემოიტანენ, რის შედეგადაც მ-რნმ მაკოდირებელი ვირუსული ცილები გაიგზავნება ჩვენი ცილების მწარმოებელ “მანქანაში”. ეს საშუალებას აძლევს ვირუსს, ააწყოს ახალი ვირუსული ნაწილაკები ამ ცილებისგან და გავრცელდეს. მიუხედავად იმისა, რომ მ-რნმ ვაქცინები შედარებით ახალი ტექნოლოგიაა, ისინი დაფუძნებულნი არიან იგივე, ძველ მიდგომაზე: ჩვენს უჯრედებში მ-რნმ-ის შეტანა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ ვირუსული ცილის წარმოსაქმნელად.

ზოგ ვირუსს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა შიდსის ვირუსი, შეუძლიათ მასპინძელი უჯრედის დნმ-ში თავიანთი გენეტიკური მასალის შეტანა, მაგრამ ეს ასე არაა ყველა ვირუსის შემთხვევაში და შიდსის ვირუსს ამის გაკეთება სპეციალური თანმხლები ფერმენტების საშუალებით შეუძლია. მ-რნმ ვაქცინები არ იყენებენ ამ ფერმენტებს, ასე რომ, არაა რისკი, ისინი შეიცავდნენ გენეტიკურ მასალას, რომელსაც ჩვენი დნმ-ის ცვლილება შეეძლებათ.

ვაქცინების ტექნოლოგია

კოვიდ-19-თვის შექმნილი მ-რნმ ვაქცინები იძლევიან ინსტრუქციას ერთი და იგივე ვირუსული ცილის გასაკეთებლად: კორონავირუსის “სპაიკ” ცილის, რომელსაც ვირუსი იყენებს ჩვენს უჯრედებში შეჭრისთვის. პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ცილას საკმაოდ მაღალი იმუნოგენურობა გააჩნია, რაც ნიშნავს იმას, რომ როცა ჩვენი იმუნური უჯრედები ამ ცილას შეხვდებიან, ისინი ძლიერ პასუხს გამოიმუშავებენ, რამაც შეიძლება ვირუსით დაავადებული ადამიანი მომავალში კოვიდ-19-ის დაავადებისგან დაიცვას. როცა ჩვენი უჯრედები ვირუსულ ცილას დაამზადებენ, ის უჯრედის ზედაპირზე ამოვა, სადაც გამავალი იმუნური უჯრედები შენიშნავენ მას და გამოიმუშავებენ პასუხს.

მ-რნმ-ის ვაქცინის შესაქმნელად, მეცნიერება შექმნეს სპაიკ-ცილის მაკოდირებელი მ-რნმ-ის ხელოვნური ვერსია. ეს შეფუთულია ცხიმოვან ფენაში, რათა მ-რნმ-ს გაუმარტივდეს უჯრედების გარე მემბრანის გადალახვა, რომელიც ასევე ცხიმოვანი მასალისგან შედგება.

როცა უჯრედში მოხვდება, მ-რნმ კონტაქტში შევა ცილების მწარმოებელ მანქანასთან, რომელიც უჯრედის ციტოპლაზმაშია მოთავსებული, ის არ შედის ბირთვში, სადაც ჩვენი ქრომოსომებია.

არსებული მეთოდი

პფაიზერ-ბიონტექის ვაქცინა პირველი მ-რნმ ვაქცინაა, რომელიც დამტკიცდა ადამიანებზე გამოსაყენებლად, მაგრამ ტექნოლოგია, რომელიც მას საფუძვლად უდევს, ბოლო ორი დეკადაა ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია ხალხის შეშფოთება ახალი სამედიცინო ტექნოლოგიის გამოჩენასთან დაკავშირებით, საკმაოდ მსგავსი პრინციპი უდევს საფუძვლად “ვირუსულ ვექტორულ ვაქცინებს”, როგორიცაა rVSV-ZEBOV ვაქცინა, რომელიც ებოლასგან იცავს ადამიანებს. ის ფართოდ გამოიყენებოდა ახალი, კივუ ებოლას აფეთქების დროს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში, სადაც 300 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ვაქცინა. ეს ვაქცინა ასევე გამოიყენებოდა ებოლას ადრინდელი აფეთქებისთვისაც.

ამ შემთხვევაში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვირუსის – ვეზიკულური სტომატიტის დასუსტებული ვარიანტი მოდიფიცირებულია, რათა გადაიტანოს ებოლას ცილის გენი. როცა ის უჯრედში მოხვდება, შეიქმნება ებოლას ამ ცილის მ-რნმ და წავა უჯრედის ცილების “მწარმოებელ მანქანასთან”.

ანუ, მიუხედავად იმისა, რომ მ-რნმ ვაქცინები ახალი ტექნოლოგიაა, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც დავასკვნით, რომ მათ ჩვენს ბიოლოგიაზე რაიმე ხანგრძლივი ეფექტი ექნებათ, გარდა ჩვენი იმუნური სისტემის გაწვრთნისა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ.

 

სტატია წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას.

თარგმანი: @nutsa ninua

სტატიის ორიგინალ ვერსიას ინგლიუსურ ენაზე გაეცნობით აქ